პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ინფექციურიდან უკვე გაეწერა - თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სავარაუდოდ, ხვალ უკვე მეორე პაციენტი გაეწერება. მისივე თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიცისტები ვარაუდობენ 33-ვე მათგანის გამოჯანმრთელებას.
„ახლა ჩვენთან წევს 45 პაციენტი - ქვეყანაში არის 33 ინფიცირებული, მათგან 28 წევს ჩვენთან, დანარჩენები სხვადასხვა კლინიკაში. გუშინდელს შემდეგ არ შეცვლილა პაციენტების რაოდენობა. პირველი პაციენტი, რომლის გაწერაც გაჭიანურდა - დღეს გაეწერა. ველოდებოდით განმეორებითის პასუხს - ლუგარიდან მოვიდა უარყოფითი და ის გაეწერა. ჩვენთან შევიმუშავეთ ასეთი წესი - ეს პაციენტი ორი კვირის მანძილზე იქნება თვითიზოლაციაში. ამის საფუძველი მოგვცა ჩინურმა გამოცდილებამ, სადაც ასეულობით პაციენტი გაეწერა და შემდეგ ესენი შეაბრუნეს კლინიკებში. ახალი პაციენტები არ გვყავს - ველოდებით 14 ანალიზის პასუხს ლუგარიდან. მესამე პაციენტს ჰქონდა უარყოფითი - ხვალ იქნება განმეორებითი ტესტი და დიდი ალბათობით მეორე ტესტიც იქნება უარყოფითი. სხვა გაჯანმრთელების კანდიდატები არ გვყავს. 12 პაციენტს აქვს პნევმონია, 4-ს ვთვლით პრობლემურად, მაგრამ ვინც ყველაზე მძიმედ იყო, უკვე გაიარა პიკი და წავიდა გაუმჯობესებისკენ. ვვარაუდობთ, რომ ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდება", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ჩეხი ტურისტების შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ მათი კონტაქტები დადგენილია. ამ ტურისტების ქცევას ცერცვაძე აფასებს, როგორც მაღალმოქალაქეობრივს და აცხადებს, რომ ტურისტებს ნიშნები ჩეხეთში გამოუჩნდათ.
„ჩეხი ტურისტების ამბავი ზუსტად არ ვიცი - იყვნენ აქ, არ ჰქონდათ ნიშნები და იქ, ჩეხეთში გამოაჩნდათ ნიშნები. მოიქცნენ მოქალაქეობრივად და გამოგზავნეს წერილი. როგორც ვიცი, დადგენილია 30 კონტაქტი", - ამბობს ცერცვაძე.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ კი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საფუძველი არ არსებობს და სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს.
„არ არის შიდაგავრცელება - უკონტროლო, მეოთხე რიგის გადაცემა. ესაა გადაცემა, რომლის შემდეგაც არ იცის პირმა ვისგან დაინფიცირდა - ეს არის სხვა ეტაპი ინფექციის. საგანგებო მდგომარეობაზე არ ყოფილა საუბარი - ასეთი განწყობა არ შემინიშნავს. რაოდენობა თუ გაიზრდება რამდენიმეჯერ და მეოთხეული გადაცემები თუ დაფიქსირდება - მერე იფიქრებენ. ჯერ არავითარი მზაობა და ვარაუდი არ არის", - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების 33 ლაბორატორიულად დამტკიცებული შემთხვევა არსებობს საქართველოში - აქედან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა ბინაზე.