logo
ENG



პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტები ჩამოვლენ, ისრაელი იქნება

14 მაი 202011:57
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პირველი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო უსაფრთხო, მწვანე კორიდორს შექმნის და მიმოსვლას დაიწყებს, ისრაელი იქნება. 

გახარიას განმარტებით, მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს, რათა რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს ტურისტული სექტორი და ქვეყანამ უცხოელი ვიზიტორების მიღება შეძლოს. 

"დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან ამ მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომლებიც სულ მალე დასრულდება ჩვენთვის მისაღები შედეგით. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი და რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას საქართველოში სტუმრები მალე მივიღოთ, ტურისტები ამ ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვუმასპინძლოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას. გარდა ამისა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთან. ყველა ეს მიმართულება იქნება უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამისათვის აუცილებელია ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, სულ უფრო და უფრო სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების წესებს, მაგრამ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები და ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობად, არამხოლოდ ტურიზმში, არამედ მაგალითად, სოფლის მეურნეობაშიც", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


close დახურვა