უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგება, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკისა და ლუჰანსკის დეოკუპაციას მოახდენენ.
პოდოლიაკის თქმით, დონეცკისა და ლუჰანსკის დეოკუპაციის შემდეგ, რუსი ოკუპანტები თავად დატოვებენ ყირიმის ტერიტორიას.
პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინის სარდლობისთვის ხერსონის მიმართულება შეიარაღებული ძალების ამჟამინდელ კონტრშეტევაში ერთ-ერთი მთავარია.
"ხერსონის დეოკუპაცია საშუალებას მოგვცემს გავთვალოთ გარკვეული ქმედებები ყირიმის დერეფნის გადაკეტვის მიზნით - და, შესაბამისად, საშუალებას მოგვცემს ჩავატაროთ სპეციალური ოპერაციები უკვე ყირიმში. ისინი მუშავდება, ჩვენ ახლა ამით ვართ დაკავებული", - ამბობს პოდოლიაკი.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ლუჰანსკის მიმართულებას ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა. მას მიაჩნია, რომ ომში გარდამტეხი მომენტი დადგება, როდესაც უკრაინელი სამხედროები დონეცკსა და ლუჰანსკს გაათავისუფლებენ.
გარდა ამისა, პოდოლიაკი თვლის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის შეიძლება დაიწყოს მხოლოდ უკრაინის მხრიდან წარმატების მიღწევის შემდეგ. მაშინ უკრაინა წამოაყენებს თავის ულტიმატუმს და ძალიან მკაცრ მოთხოვნებს.
"ვფიქრობ, ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური ელიტის გარკვეული განახლება მოხდება და ვფიქრობ, ეს მოთხოვნები რუსეთისთვის შოკისმომგვრელი იქნება", - ამბობს პოდოლიაკი.