უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, გაუთავებელი რუსული შანტაჟის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა.
"რუსეთის ფედერაციის სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა შანტაჟია. ადრე - საკვებით, ენერგიით, მიგრანტებით. ახლა - "ბინძური ბომბით", კაშხლის აფეთქებით. მიზეზები იცვლება, მაგრამ რუსული ტერორისტული არსი - არა. გაუთავებელი რუსული შანტაჟის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მისი მოთხოვნის საფუძველზე ფრანგ, ბრიტანელ, თურქ და ამერიკელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც ამტკიცებდა, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე, შესაძლოა, "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავდეს.
ბრალდებებს მალევე გამოეხმაურნენ უკრაინის ლიდერები - საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ამას აბსურდული და სახიფათო უწოდა. მისი თქმით, უკრაინას არც "ბინძური ბომბი" აქვს და არც მის შეძენას გეგმავს.