logo
ENG



პოდოლიაკი: პროპაგანდისტ ტატარსკის მკვლელობის უკან რუსეთი დგას

04 აპრ 202316:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/04/wy6ly4dnnsbeozf.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის პროპაგანდისტ ვლადლენ ტატარსკის მკველელობის უკან რუსეთი დგას.

ამასთან, პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ მტერს ტატარსკის სიკვდილი სჭირდებოდა უკრაინის ომისთვის "მოხალისეების" დაკომპლექტების დასაჩქარებლად.

"რუსეთის ფედერაციას სჭირდება თავისი მოსახლეობის შოკური მობილიზაცია "სამშობლო საფრთხეშია" ეგიდით, რათა "მოხალისეები" გადაიბირონ. რუსეთს სჭირდება აგრესიული ომის გამართლება, რათა უკრაინას დახმარება შეუწყდეს. გამოიტანეთ სწორი დასკვნები რუსეთში ნებისმიერი "ტერორისტული აქტის" შესახებ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

გუშინ, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში აფეთქების შედეგად რუსეთის პროპაგანდისტი, მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. ტატარსკი აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში.

"ფონტანკას" ცნობით, თვითმხილველებმა გამოცემის კორესპონდენტს განუცხადეს, რომ აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ქალმა ვლადლენ ტატარსკის ყუთით საჩუქარი გადასცა.

დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარი აფეთქების საქმეზე დარია ტრეპოვა დააკავა. ტრეპოვას ბრალად ედება სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარი აფეთქება, რომლის დროსაც რუსი პროპაგანდისტი და უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მომხრე ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა, ხოლო 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.


close დახურვა