logo
ENG



პოდოლიაკი: რუსეთში რაღაც ხდება, თუმცა კრემლის თავზე უკრაინის დრონების გარეშე

03 მაი 202317:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/03/3ibpv4w9ywdvvr5.jpg
AP

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კრემლზე დრონებით თავდასხმას და რუსეთის მიერ ინციდენტში უკრაინის დადანაშაულებას ეხმაურება - ის რამდენიმე შესაძლო სცენარზე საუბრობს და მიუთითებს, რომ შესაძლოა, რუსეთი ფართომასშტაბიანი ტერორისტული თავდასხმისთვის ემზადებოდეს.

ის აღნიშნავს, რომ უკრაინა ექსკლუზიურად თავდაცვით ომს აწარმოებს და რუსეთის ტერიტორიაზე ობიექტებს თავს არ ესხმის, თუმცა მისი თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთება რუსეთს აძლევს საფუძველს, მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმები გაამართლოს.

"რაც შეეხება დრონებს კრემლის თავზე - ეს ყველაფერი პროგნოზირებადია... რუსეთი აშკარად ამზადებს ფართომასშტაბიან ტერორისტულ აქტს, ამიტომ ის თავდაპირველად აკავებს სავარაუდო დივერსანტების ჯგუფს ყირიმში, შემდეგ კი "კრემლის თავზე თვითმფრინავების" დემონსტრირებას ახდენს.

უპირველეს ყოვლისა, უკრაინა ექსკლუზიურად თავდაცვით ომს აწარმოებს და ობიექტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავს არ ესხმის. რისთვის უნდა გავაკეთოთ? ეს არ წყვეტს სამხედრო პრობლემას, მაგრამ ეს აძლევს რუსეთის ფედერაციას საფუძველს, გაამართლოს თავისი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობაზე", - აცხადებს ის.

მეორე მხრივ, პოდოლიაკი საუბრობს იმაზე, რომ დრონების შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ სამხედრო მაღაზიაში, ხოლო მსგავსი ინციდენტების ზრდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ადგილობრივი ძალების პარტიზანულ მოქმედებებზე მიუთითებს. ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში "პუტინის კლანი" ძალაუფლებაზე კონტროლს კარგავს.

"მეორეც, ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით ინციდენტების მზარდ რაოდენობას, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ნაწილში ხდება. ენერგეტიკულ ობიექტებზე ან კრემლის ტერიტორიაზე დაუდგენელი დრონების გამოჩენა მხოლოდ ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალების პარტიზანულ ქმედებებზე შეიძლება მიუთითებდეს.

როგორც იცით, დრონების შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ სამხედრო მაღაზიაში - პუტინის კლანის მიერ ქვეყანაში ძალაუფლების კონტროლის დაკარგვა აშკარაა. მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთს არაერთხელ უსაუბრია საჰაერო სივრცეზე ტოტალურ კონტროლზე. ერთი სიტყვით, რუსეთის ფედერაციაში რაღაც ხდება, თუმცა კრემლის თავზე უკრაინის დრონების გარეშე", - აღნიშნავს პოდოლიაკი.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა. კრემლი მომხდარს ტერორისტულ აქტად მიიჩნევს და "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები". პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კრემლზე დრონებით სავარაუდო თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.

 


close დახურვა