უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა მზადაა მიიღოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
"შეუძლებელია უყურო, როგორ კვდება პირდაპირ ეთერში ადამიანი, რომელსაც იცნობ. ცივილიზებული სამყაროს თვალწინ შეუძლებელია, საქართველოს ისტორიისა და მისი პრეზიდენტის სიკვდილის ყურება. უკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, გარანტირებული იყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი", - თქვა პოდოლიაკმა.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა".
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.