უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი მოსკოვზე დრონებით თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობას უარყოფს.
მისი თქმით, "ხელოვნური ინტელექტიც კი უფრო ჭკვიანი და შორსმჭვრეტელია, ვიდრე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა".
"დრონები აპროტესტებენ, უარს აცხადებენ უკრაინელ სამოქალაქო პირებზე თავდასხმაზე და ფეთქებადი პროტესტით უბრუნდებიან რუსული "საჰაერო ტერორის" ავტორებს მოსკოვში. ხელოვნური ინტელექტიც კი უფრო ჭკვიანი და შორსმჭვრეტელია, ვიდრე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა", - წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი.
რუსული მედია იუწყება, რომ 30 მაისის ღამეს მოსკოვში ორი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა - მათი მტკიცებით, მიზეზი დრონების შეჯახებაა. მედიის ინფორმაციით, აფეთქება დილის 4 საათზე მოხდა.