logo
ENG



პოდოლიაკი ФСБ-ს ბრალდებას თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ სიცრუეს უწოდებს

26 მარ 202419:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/26/x3wy3laor367fg0.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ФСБ-ს ბრალდებას მოსკოვის თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ სიცრუეს უწოდებს.

"პუტინის ტყუილის შემდეგ, ტყუილს ოფიციალურად ავრცელებს პატრუშევი, მის შემდეგ კი ФСБ-ს დირექტორი ბორტნიკოვი. რატომ ხდება კოლექტიური არაადეკვატურობის ასეთი დემონსტრაციული ჩვენება?", - ამბობს პოდოლიაკი.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთსა და უკრაინას ადანაშაულებს.

მანამდე კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა თქვა, რომ მოსკოვში, Crocus City Hall-ზე თავდასხმის უკან "უკრაინა დგას".

22 მარტს, მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 139 ადამიანი. 

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ 11 ადამიანი დააკავეს, მათგან ოთხივე უშუალო მონაწილეა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მედვედევის თქმით, თუ თავდასხმაში უკრაინელები არიან დამნაშავე, მათ რუსეთი "სათანადოდ გაუმკლავდება".

რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობაზე "არაფერი მიუთითებს".

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათ საკუთარი განცხადების რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ.


close დახურვა