logo
ENG



პოლიტიკური მიზნებისთვის პანდემიის გამოყენება დაუშვებელია - ოპოზიცია გახარიას განცხადებაზე

22 ივნ 202017:53
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება არჩევნებს დაუკავშიროს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებაც სწორედ საზოგადოების დაშინების მცდელობაა, რომ არჩევნებზე დაბალი აქტივობა იყოს.

ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს, საკითხის პოლიტიზირება არ მოახდინოს, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„არც სტატისტიკა, არც რეალური მდგომარეობა, არც მათი სხვა განცხადებები არ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ხდება საქართველოში. რა თქმა უნდა უნდა ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ ელემენტარული ზომები იმისთვის, რომ არ მოხდეს ხელახალი აფეთქება, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაკეტვას და ეკონომიკის საბოლოოდ დანგრევას, არ ნიშნავს იმას, რომ ამის საბაბით შეიძლება გადავდოთ არჩევნები და მივიღოთ კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკური კრიზისი“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

პრემიერის განცხადებას ასევე უარყოფითად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, პოლიტიკური მიზნებისთვის პანდემიის გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია.

„უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიის გამოყენება, ისევე როგორც მთელი ამ თვეების მანძილზე საქართველოს ხელისუფლების მიერ სხვადასხვა დემოკრატიის მიმართულებით საკითხების დამახინჯებაში, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვაში და ასევე არჩევნებთან რაიმე სახის შეზღუდვის დაწესების მიმართულებით, კატეგორიულად დაუშვებელია“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით ოპონენტების მოსაზრებები „არაადეკვატურია“.

„მავნებელი რომ ხარ, „ნაცმოძრაობა“ რომ ხარ, შეიძლება რაღაც მავნებლობა მოგდის თავში, მაგრამ ასეთი წარმოუდგენელი ხარისხის მართლა არ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა წარმოიდგინოს, რომ გვაშინებს კოვიდ ინფექციითო. შეშინებულია მთელი მსოფლიო და უარესი - ებრძვიან ამ საშინელებას, ამ საშიშ ვირუსს, რომელმაც მთელი მსოფლიო პანიკაში ჩააგდო და ესენი გამოდიან და ხელისუფლება გვაშინებსო ამბობენ. პოლიტიკური არაადეკვატურობის ასეთი ხარისხი არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი არ იკლებს და მიღწეული შედეგის შენარჩუნებისთვის გაორმაგებული პასუხისმგებლობაა საჭირო.


close დახურვა