logo
ENG



პოლიციამ მოქალაქეებს ონის მერიის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცა

19 ოქტ 202319:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/19/nmxn16rvlbtheb8.jpg

ონის მერიასთან მოქალაქეებს, რომლებიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ტყეების განკარგვის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავდნენ, პოლიციამ კარვის გაშლის უფლება არ მისცა. ადგილზე იყო შეხლა-შემოხლაც. შეკრებილები ონის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებმა ონის მერიის შენობის პიკეტირება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რიონის ხეობის მოძრაობის წევრებსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჩაიშალა. მოქალაქეების მოთხოვნა იყო, რომ შეხვედრა საჯარო ყოფილიყო და სოციალური ქსელით პირდაპირ ეთერში გაშვებულიყო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს გადაღებაზე დასთანხმდნენ, თუმცა შეხვედრის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაზე უარი უთხრეს.

"საჯარო შეხვედრას შლიან. დიდი ინტერესია, აქ რომ რამდენიმე ადამიანი შევიდეს და ეს დახურული იყოს, გამორიცხულია, იმიტომ, რომ ინტერპრეტაციის შესაძლებლობა იქნება ამ პროცესის შემდეგ. ამიტომ, ყველა შემთხვევაში, მე შეთანხმება ისეთი მქონდა, მითხრეს, რომ საჯარო უნდა ყოფილიყო, ახლა გადაუარეს, ასე გამოვიდა. ტელეფონზე როცა ვესაუბრე პაპუნა მარგველიძეს, მითხრა, რომ საჯარო იქნებოდა", - ამბობდა ვარლამ გოლეთიანი.

რაჭის სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ეთო არსანიძის თქმით, მარგველაძემ შენობა მაშინ დატოვა, როცა პოლიციამ აქციის მონაწილეები გვერდით გაწია. მისი თქმით, ამ დროს ქალაქის გუბერნატორის მანქანამ ონი დატოვა, ხოლო მერიის თანამშრომლები უკანა ფანჯრიდან გაიპარნენ.

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის წერს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან საჯარო შეხვედრის მოთხოვნით, ხვალ, დილის 9:00 საათიდან ონის მერიასთან შეიკრიბებიან.
***

სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად.

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.


close დახურვა