პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს.
ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მისი თქმით, აბაშიძესთან მხოლოდ სამი წუთით გასაუბრების საშუალება ჰქონდა. სხვა დეტალები მისთვის უცნობია.
"უკვე დაკავებული ადამიანი ჩამოჰყავდათ სახლიდან, მაშინ აგვიშვეს ჩვენ. დაცვის უფლება უჩა აბაშიძეს უკვე დარღვეული აქვს", - თქვა აბაშიძის ადვოკატმა.
ამ დროისთვის აბაშიძის სახლთან მის მხარდასაჭერად მოქალაქეები არიან შეკრებილნი.
პოლიცია ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა. აბაშიძეს, მისი ძმის თქმით, ამ დროის განმავლობაში, ტელეფონის გამოყენება და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ეძლეოდა.
ბლოგერის ასევე ძმა ამბობს, რომ დაკავება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უჩა აბაშიძის აქტიურობას უკავშირდება.
"მგონი, ყველამ იცის რას შეიძლება უკავშირდებოდეს [დაკავება]. ეს არის იმ დაშინების მცდელობების გაგრძელებაა, რაც აქამდე იყო. ახლა გვეშინია, სახლში რომ არ გვიშვებენ რამე არ ჩაუდონ, ან რამე სისულელე არ მოუგონონ", - თქვა მან.