შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ იპოდრომზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დაკავებული პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს თქმით, აქციაზე დააკავეს 3 პირი, ხოლო თავად ორგანიზატორი „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის 14 აქტივისტი 3 000 ლარით დააჯარიმეს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – „გირჩის“ მიერ დღეს, 14:00 საათზე, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე გაიმართა საპროტესტო აქცია.
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეკრება ან/და მანიფესტაცია.
საქართველოს კანონმდებლობით „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.
შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი კი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია „გირჩი“ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქციას იპოდრომზე მართავდა. აქცია-სეირნობა იპოდრმის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებთ 1 საათის განმავლობაში მიმდინაროებდა. იპოდრომზე 30-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.