პოლიციის წარმომადგენელმა რიონის მცველებს გზის გასახსნელად 30 წუთი მისცა. მან აქტივისტებს უთხრა, რომ თუ გზას არ გახსნიან, პოლიცია პროპორციულ ძალას გამოიყენებს.
"არ მაქვს სხვა გამოსავალი, 40 წუთი გელაპარაკე წეღან. დაემორჩლეთ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ეს მანქანები გავატაროთ და გზა გახსენით, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას. ნახევარ საათს გაძლევთ", - უთხრა პოლიციელმა აქტივისტებს.
ამ დროისთვის აქტივისტებს გუმათჰესის მიმდებარედ გზა აქვთ გადაკეტილი და ითხოვენ, პოლიციამ სოფელ ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალება მისცეს, პოლიციამ ამ მოთხოვნას არ ასრულებს.
დღეს, 11 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სოფელ ნამახვანში, მდინარე რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, "საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ".
აქტივისტები ამის საპასუხოდ ამბობენ, რომ მათ კარვების გაშლა და პროტესტის გამოხატვა ნამახვანის ტერიტორიაზე სურთ, პოლიცია კი უარს ეუბნება. აქტივისტები იქ ღამით დარჩენას აპირებენ.