logo
ENG



პოლონეთი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს

10 თებ 202316:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/10/vqsx8k13ex2k6ho.jpg

პოლონეთი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანას სთავაზობს. 

პოლონური გამოცემა Onet-ის ცნობით, პრემიერმა მატეუშ მორავიეცკიმ ამის შესახებ ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

პოლონეთის პრემიერის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას “სურს თავის ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა”.

მორავიეცკის თქმით,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხი ევროპული საბჭოს შეხვედრისას განიხილეს და მიმართვის ტექსტზე საბჭოს დიპლომატიური სამსახური უკვე მუშაობს. 

“პოლონეთმა გამოთქვა ინიციატივა და მე ვესაუბრე სხვა ბევრ პრემიერმინისტრს ამ საკითხზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას მივმართოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაცემის შესახებ, რათა მან პოლონეთში იმკურნალოს. 

ვშიშობთ, რომ ის საქართველოში შეიძლება ყველაზე უარესის წინაშე აღმოჩნდეს. თუ საქართველოს სურს თავის ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა, რომელსაც უკვე ადგენს საბჭოს დიპლომატიური სამსახური” - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა. ” - განაცხადა მორავიეცკიმ. 

6 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.

საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ყოველდღიურად გააპროტესტებენ. საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისში, თუმცა აქციები გაიმართება რეგიონებშიც.

ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაეწყო სწრაფი კახექსიის პროცესი. მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

კლინიკა ვივა მედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. 

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს. ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, "შესაძლოა, იმაზე უარესი ქრონიკული აგენტებით იყოს ინტოქსიკაცია, ვიდრე მძიმე მეტალებია".

სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.

პირველ თებერვალს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".

 

 

close დახურვა