საქართველოში პოლონეთის საელჩოს განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში სრულად უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
"ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ქართული და საერთაშორისო სამართლის ამ უხეშ დარღვევას და მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით ამ პროვოკაციისას", - ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფებოდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.