29 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კრეტაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთი მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.
პომპეო კრეტაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან შესახვედრად იმყოფება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პომპეომ მრავალი საკითხი მიმოიხილა, აშშ-საბერძნეთის სამხედრო თანამშრომლობის ჩათვლით.
სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის, ლიბიის დესტაბილიზაციას, ისევე როგორც, სხვადასხვა ინსტიტუტის, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას.
"თავდაცვის ნაწილში ჩვენი თანამშრომლობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი კვლავ განაგრძობს სხვადასხვა რეგიონის დესტაბილიზაციას, განსაკუთრებით ლიბიაში, სადაც აშშ-მა ყველა მხარეს უცხოური სამხედრო დანაყოფების გაყვანისკენ მოუწოდა, რადგან ჩვენ სიტუაციის დეესკალაციას და შერიგების პროცესს ვუჭერთ მხარს.
მე და პრემიერმინისტრი ასევე შევთანხმდით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სხვადასხვა გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებსაც რუსეთი საკუთარი გავლენის აქტორების გამოყენებით ქმნის. მათ შორის, კოვიდპანდემიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაა, ისევე როგორც, მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება", - განაცხადა პომპეომ.
რუსეთის საელჩო საბერძნეთში მალევე გამოეხმაურა პომპეოს სიტყვებს. მათი განცხადებით, "პირველად არ ხდება, როდესაც აშშ საკუთარი პოზიციით, საბერძნეთის ანტირუსულ ფრონტად ქცევას ცდილობს. ასეთი ანტირუსული ისტერიკა ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს ბერძენ ხალხში".