პორტუგალიის პარლამენტში ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობისთვის კენჭისყრა ჩატარდება. წინადადება პარტია ლიბერალურმა ინიციატივამ წარადგინა.
პარტიის განცხადებით, ქართული ოცნება "უცხოელი აგენტების" კანონით ცდილობს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ქართველი ხალხის ოცნებები გაყიდოს.
"ეს კანონმდებლობა არის სერიოზული თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის ღიაობას გარე სამყაროსთან მიმართებაში, ასევე კავშირებს, რის გაღრმავებასაც საქართველო ევროპის კონტინენტთან ცდილობდა. ქართველი ხალხის რეაქცია სწრაფი და მასშტაბური იყო: თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე ქალაქში, განსაკუთრებით კი თბილისში ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი იკრიბებოდა მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის".
განცხადებაში წერია, რომ კანონის მიღება საქართველოსთვის ევროპული ოცნების სიკვდილს ნიშნავს.
"ლიბერალური ინიციატივა ქართველების მხარესაა მათ ბრძოლაში, იყვნენ ევროპული ოჯახის წევრები, თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნების გარანტიებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მოსახლეობისა და დასავლელი პარტნიორებების მოწოდებების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი მიიღო. მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 30.