logo
ENG



პრაიდის ფესტივალის ჩაშლის დროს შსს-მ ძალადობრივი ჯგუფის 2 წევრი დააკავა

09 ივლ 202315:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/09/f7g1srcrhx22i56.jpg
მარიამ ნიკურაძე/OC Media

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრაიდის ჩაშლაში მონაწილე ძალადობრივი ჯგუფის მხოლოდ 2 წევრია დაკავებული - უწყებაში აღნიშნავენ, რომ ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციული წესით.

ამასთან, შსს-მ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ადგილზე მყოფი ფორმულას ჟურნალისტის ცნობით, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ დარბეულ ტერიტორიაზე საგამოძიებო ღონისძიებები არ მიმდინარეობს.

გუშინ Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.

ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები, ტერიტორია დაარბიეს და გაქურდეს.


close დახურვა