logo
ENG



პრაიდფესტის ძალადობრივად ჩაშლის საკითხე EU-ის წარმომადგენლებმა შსს-ში შეხვედრა გამართეს

11 ივლ 202317:31
3 წუთის საკითხავი
 

ძალადობრივი ჯგუფების მიერ Tbilisi Pride-ის ფესტივალის ჩაშლის შემდეგ, ევროკავშირის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორმულას ინფორმაციით, შეხვედრაზე არ იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, Tbilisi Pride-ის ღონისძიების გაუქმების გამო "იმედგაცრუება გამოთქვა".

მან შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა. EU-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ Tbilisi Pride-ის ღონისძიების გაუქმება უარყოფით გავლენას ახდენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მონიჭებული 12 კრიტერიუმის შესრულების პროცესზე. 

"იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ პრაიდის ღონისძიება გაუქმდა, უფრო სწორად, იძულებული გახდნენ, რომ გაეუქმებინათ. ვაპირებდი შაბათს პირადად მისვლას. ღრმად მწამს, რომ ყველას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, არა მხოლოდ თავისუფალი გამოხატვის, არამედ დემონსტრაციის მოწყობის და ეს უფლება არ იყო დაცული. შეხვედრა გვქონდა სამინისტროში, რომ გაგვეგო რა მოხდა. რამდენიმე ელჩი ვიმყოფებოდით ამ შეხვედრაზე. გვექნება შეფასება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მომხდარი უარყოფით გავლენას ახდენს ზოგიერთ კრიტერიუმზე, თუმცა ჯერ შეფასების გაკეთება ნაადრევია. ჩვენი კოლეგები ევროკომისიაში განიხილავენ და რეკომენდაციებსაც გასცემენ", - განაცხადა ნიკოლას სენდეროვიჩმა.

***

8 ივლისს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.

ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები, ტერიტორია დაარბიეს და გაქურდეს.


close დახურვა