logo
ENG



პრაისი კონტრაბანდაზე: ბრალდებაზე ვერ ვისაუბრებ, თუ ქვეყნები ომს დაეხმარებიან, შედეგს ნახავენ

05 აპრ 202209:50
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის, ნედ პრაისის განცხადებით, იგი კონტრაბანდის შესახებ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე ვერ ისაუბრებს. ამასთან, რომელიმე ქვეყნის ხსენების გარეშე ამბობს, რომ ქვეყანა, რომელიც სანქციებს გვერდს აუვლის, "შედეგების წინაშე აღმოჩნდება".

ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო რუსეთის დასახმარებლად ტრანზიტულ ტერიტორიად იქცა.

ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ "ქართველებს კარგად ახსოვთ რუსეთის აგრესია" და მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას.  

"მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ რაიმე დავასაბუთო, ან ვისაუბრო თქვენ მიერ ნახსენებ ბრალდებებზე. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, თუ რას ნიშნავს რუსეთის აგრესია და სუვერენული ტერიტორიის წართმევის მცდელობა.

ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას. მათ შორის მნიშვნელოვანი კენჭისყრების დროს გაერო-ში, იმის საწინააღმდეგოდ, რასაც კრემლი უკრაინაში ახორციელებს. მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით  ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში  ჩვენს კოლეგებთან და გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო კონტაქტზე ყოფნას.

რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე საუბრის გარეშე რომ ვთქვა, ის ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ აშშ-სა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს, ან ის ქვეყნები, რომლებიც სხვაგვარად ცდილობენ მხარი დაუჭირონ კრემლის ომს - რუსეთისთვის ფინანსური მხარდაჭერით, მომარაგებით, იარაღით უზრუნველყოფით - ამას მოყვება შედეგები.

შედეგები იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობისას ან რაიმე ისეთი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც სხვაგვარად დაეხმარება მოსკოვის ომს", - თქვა მან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. 

დაზვერვის სამსახურის განცხადებაში წერია: 

"საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რუსეთის აგენტები კონტრაბანდის გზებს აყალიბებენ, რომლებიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ამასთან, საქართველოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დირექტივა, არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა"

უკრაინა, ასევე აცხადებს, რომ დღეისთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის კონტრაბანდული საქონლით მომარაგების კიდევ ერთი არხი - აღმოსავლეთ აზია. სწორედ მისი დახმარებით მიეწოდება ოკუპანტ ქვეყანას ტექნიკა, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები. 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".


close დახურვა