logo
ENG



პრეზიდენტი: ამ ბრძოლაში ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით

21 მარ 202020:49
3 წუთის საკითხავი
 

"ამ ბრძოლაში ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდეტმა პარლამენტის წევრებს. სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად გამოაცხადა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა. 

მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში უფრო მკაცრი ზომების მიღება საჭირო აღარ გახდება, და რაც ასევე მთავარია, საპარლამენტო არჩევნები არ გადაიდება.

"იმედია, საგანგებო მდგომარეობის დასრულებას შევძლებთ იმ ვადაში, რომ არჩევნებმა არ გადაიწიოს, ან გადაიწიოს მინიმალურად. საგანგებო მდგომარეობის ეფექტიანობა დამოკიდებულია მოქალაქეობრივ შეგნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ იძულებით ზომებში არ შედის მოქალაქეებისთვის ადრე გაცემული რეკომენდაციები, ისინი კვლავ ძალაშია. ყველა ვალდებულნი ვართ დავიცვათ ისეთი რეკომენაციები, როგორიცაა სახლში დარჩენა, ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვა. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა გადავიდეს ახალ საფეხურზე, თუ კი მოქალაქეების გულგრილობიდან გამომდინარე ამის აუცილებლობა დადგება. ამ პერიოდში ჩემი როლი და პასუხისმგებლობა განსაკუთრებული ხდება რამდენიმე მიმართულებით. პრეზიდენტს ევალება დემოკრატიის დაცვა, მოწყვალადი ჯგუფების მიმართ მეტი ყურადღება მოეთხოვება ყველას და განსაკუთრებით პრეზიდენტს; ჩვენი დიასპორა უკიდურესად მძიმე პირობებშია და ჩვენი დიპლომატიური უწყება 24 საათიან რეჟიმში მუშაობს მათ დასახმარებლად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი მზადაა გვერდში დაუდგეს მათ", - აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

მისივე თქმით, ეს საერთო ბრძოლაა და ახლა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა თანაბრად მნიშვნელოვანია.

"დაბოლოს, მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებს, ეს ბრძოლა ჩვენია და ამ ბრძოლაში ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით. ამ ბრძოლის შედეგი აისახება მთელ ქვეყანასა და მომავლ თაობაზე. კრიზისი შემდეგ კი მსოფლიო სხვაგვარი იქნება, ჩვენთანაც ბევრი რამ შეიცვლება და მხოლოდ ერთიანი საქართველო დაძლევს ამ გამოწვევას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


close დახურვა