საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის შიდა დაპირისპირება, რომელსაც დღეს ვუყურებთ, გმირების უპატივცემულობაა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, აგვისტოს ომში დაღუპული გმირები საქართველოს ძალაა.
„დღევანდელი დღე არის უაღრესად ტრაგიკული და ამავე დროს, ეს არის იმედის დღე ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოსთვის... ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ამ ჩვენს გმირებს, დღეს არის დუმილის და დაფიქრების დღე. თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში, არის სირცხვილი იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა სამშობლოსთვის თუ შესწირეს თავი, ამავე დროს ღირსეული საქართველოსთვის შესწირეს თავი და დღეს საქართველო არ არის ღირსეული. ის შიდა დაპირისპირებები, რაც არსებობს, ის შიდა ბოღმა, სიძულვილი, რომელსაც ყოველ დღე გამოაქვს შედეგი ჩვენს ახალგაზრდობაზე და ჩვენ ყველა ამას ვხედავთ, ეს არის მათი უპატივცემულობა, მათი დავიწყება იმიტომ, რომ ისინი დაიხოცნენ სამშობლოსა და ერთიანობისთვის და ჩვენ ერთიანობას კი არ ვაშენებთ, დაპირისპირებაზე ვართ გადასული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.