logo
ENG



პრეზიდენტი: საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია, საკუთარ თავს ვერ ვცნობთ

04 მარ 202014:46
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აგრესიამ და სიძულვილმა ქართულ ღირებულებათა სისტემა შეცვალა.

„გლობალური და საკუთარი გამოწვევების ფონზე ისმის კითხვა - სად ვართ ჩვენ. იმის მაგივრად, რომ ყველა ერთად ვფიქრობდეთ ქვეყნის მომავალზე, გამოწვევების დაძლევაზე, ვეძებდეთ გამოსავალს, ახალ ინიციატივასა თუ იდეას, გაჩერებული ვართ და წრეზე ვტრიალებთ. ერთობის ნაცვლად ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა, ყველაფერი, რაც საზოგადოებას ნაწილებად შლის, რაც ხელს გვიშლის გამოსავლის პოვნასა და წინსვლაში. აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ, შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა. მივიღეთ აგრესია შემწყნარებლობის ნაცვლად, სიძულვილი - სიყვარულის ნაცვლად, შეურაცხყოფა - ზრდილობის ნაცვლად, ეგოიზმი - სოლიდარობის ნაცვლად, შიში - ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად. ღირებულებები, რომელიც ქართული კულტურის წიაღიდან, ქრისტიანობიდან, რუსთაველიდანაა ამოზრდილი, დღეს მთლიანად, ან თითქმის მთლიანად უარყოფილია. საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია. ჩვენ საკუთარ თავს ვერ ვცნობთ. ეს იმიტომ გვემართება, რომ ჩაძირული ვართ საკუთარ თავში, პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 


close დახურვა