logo
ENG



პრეზიდენტი კორონავირუსზე: მთავარია ჩვენი ერთიანობა

12 მარ 202020:38
3 წუთის საკითხავი
clock 669

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, კორონავირუსის გამო ახლა მსოფლიო ცხოვრების განსხვავებულ რეჟიმზეა გადასული.

"პირველივე დღიდან მიღებულ იქნა დროული და ეფექტიანი ზომები, რამაც განაპირობა დაავადების გავრცელების მაქსიმალური კონტროლი. თუმცა, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მოვდუნდეთ და არ მოვემზადოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის. ყველას გვევალება არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მიიღო აუცილებელი ზომები. პირველ ეტაპზე გაუქმდა საერთაშორისო ვიზიტები; შეიზღუდა სასახლეში სხვადასხვა ფორმატის მიღებები. ამის შემდეგ გაუქმდა ვიზიტები რეგიონებში. ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, თუმცა, ამ განსაკუთრებულ რეჟიმში სრულფასოვნად მუშაობა გრძელდება და გრძელდება ადმინისტრაციის მუშაობა უწყებათაშორის კომისიაში",-აღნიშნავს ზურაბიშვილი. 

მისივე თქმით, სახელმწიფო და, კერძოდ, ჯანდაცვის სისტემა ყველა ზომას იყენებს გავრცელებული დაავადების შესაკავებლად. შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურები კი საზღვრებზე ზედამხედველობას ეფექტიანად ახორციელებენ. 

"ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ თავზე, ჩვენს ოჯახებზე, ახლობლებზე, გარშემომყოფებზე; პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. ამ დღეებში ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნებითა და ქცევის წესებით დავადასტურებთ ჩვენს პატრიოტიზმს, ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეპიდემიასთან გამკლავება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიზარდოს ქსენოფობიაში ან აგრესიის რაიმე სხვა ფორმაში. იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მთელ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში პანდემიის შესაკავებლად, პოლიტიკური ძალები, ზუსტად ისე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ. ამ დაავადებასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი და ეს ერთიანობა განაპირობებს ხვალინდელ გამარჯვებას. მინდა მივმართო მედიასაშუალებებს: თქვენს პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრია დამოკიდებული",-განმარტა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა იქნება სამაგალითო სხვებისთვის. ამ ვითარებაში კი თითოეულ მოქალაქის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია საზოგადოების დროული ინფორმირება. ასევე მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. 

"მთავარია ჩვენი ერთიანობა და ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა. ამ რეალობაში არ შეიძლება, დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობენ და ამ გამოწვევის წინაშე უფრო მეტად დაუცველნი აღმოჩნდნენ. დაბოლოს, სიფრთხილე და არა შიში",-განაცხადა პრეზიდენტმა.


close დახურვა