logo
ENG



პრეზიდენტი მიესალმება ენმ-ის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას

31 იან 202220:30
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტი მიესალმება ენმ-ის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას. საუბარია ნაციონალურ მოძრაობაზე.

როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, "დემოკრატიული პროცესისათვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას და გამოიყენოს ის ნდობა და მანდატი, რომელიც მინიჭებული აქვს არჩევნების საფუძველზე".

"პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს პოლარიზაციის დაძლევას, ასევე მოითხოვს, რომ პარლამენტში სრულად იყოს ათვისებული პოლიტიკური დებატების, დიალოგისა და დისკუსიის სივრცე. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა!", - წერია განცხადებაში. 

დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია წყვეტს ბოიკოტს და ერთვება საპარლამენტო საქმიანობაში

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და მანდატების გაუქმება მოითხოვა. ისინი აცხადებდნენ, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.

7-თვიანი პოლიტიკური კრიზისის თავზე, ივნისში ენმ-ის ბლოკის დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ. მათი განცხადებით, მიზანი იყო ქართულ ოცნებას ადგილობრივ არჩევნებზე 43%-იანი ზღვრი ვერ გადაელახა, რაც რიგგარეშე არჩევნების წინაპირობა გახდებოდა. პარლამენტში შესვლიდან ერთ თვეში, 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ პარტიამ ისევ ბოიკოტი გამოაცხადა. 

 


close დახურვა