logo
ENG



პრეზიდენტი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა

15 ივნ 202411:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/15/n5awqbdpyblbvkq.jpg

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა.

ადმინისტრაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან.

"სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება.

სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენარულ სხდომებს, ასევე დისკუსიებს შესაბამის თემაზე", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ფორმულა დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციას, სადაც გვითხრეს, რომ სამიტს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე არ დაესწრება. ადმინისტრაციაში არ დაუკონკრეტებიათ, მიიღო თუ არა პრემიერმა მოწვევა.

აღსანიშნავია, რომ მოწვევის მიუხედავად, სამიტს არ დაესწრება ჩინეთი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ სამიტში მონაწილეობაზე 100 ქვეყნისგან მიიღო დასტური, თუმცა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა უარი თქვა მონაწილეობაზე და მიზეზად რუსეთის წარმომადგენლის არყოფნა დაასახელა.

უკრაინის მშვიდობის სამიტს არ დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთისთვის საჩუქარი უწოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მშვიდობის სამიტს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაესწრება.

გასულ კვირას თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ვინ იქნება აშშ-ის წარმომადგენელი მშვიდობის სამიტზე, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ვაშინგტონი და ბაიდენი უკრაინის გვერდით არ ყოფილან.

"ამ კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან არც ერთ ლიდერს არ გაუკეთებია და აგრძელებს იმდენის გაკეთებას, რამდენსაც პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი აუცილებელი, რათა რუსული აგრესიისგან თავი დაიცვას", - თქვა კირბიმ.


close დახურვა