logo
ENG



პრეზიდენტის წარმომადგენელმა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარმოდგენაზე უარი თქვა

21 სექ 202311:08
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი, ამ ეტაპზე, უარს აცხადებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარმოდგენაზე.

"პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როცა არ არის ნათელი საქართველოს ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, ამ ვითარებაში წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატები, შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილნი. აღნიშნულ მდგომარეობაში, სანამ არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, ჩვენ უარს ვაცხადებთ კანდიდატურების წარმოდგენაზე", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურები უკვე წარმოადგინა და მათი გაწვევის მექანიზმი კანონში არ არსებობს.

"არ არის არც კანონში, არც რეგლამენტში, არსად პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატის გაწვევა. ასეთი მექანიზმი არ არსებობს, ამიტომ ჩვენ განვიხილეთ და უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა მხარი დაგვეჭირა ხალხისთვის, რომელმაც არც დაგვაფასა და არც მოვიდა", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამაც გააკრიტიკა. მან პრეზიდენტი "საბანკო სისტემაში საბოტაჟის შექმნის მცდელობაში" დაადანაშაულა.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონი არ ესმის, ვერ ერკვევა მის სიღრმეებში, იმიტომ რომ წარმოდგენილია კანდიდატურები და უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. ეს ერთი. მეორე - პრეზიდენტმა ისევ, თავისი ურჩობით წარმოადგინა 2 კანდიდატი, რომელიც არ იყო კონსულტაციის შედეგად შერჩეული და თქვენ აპრიორი იცით, რომ პარლამენტის უმრავლესობა, კომიტეტის უმრავლესობა მხარს არ დაუჭერდა და ამიტომ, რომ არ შერცხვეთ, უკან გაწვევის მექანიზმები აამუშავეთ. და მესამე, მცდელობაა, რომ საბოტაჟი შექმნათ საბანკო სისტემაში და არ გამოგივიდათ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები 14 სექტემბერს წარუდგინა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უნდა გადადგეს და მის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. 

***

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანაცვლილების მიხედვით, სანქციები აღსრულდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც "კონსტიტუციის დარღვევად" შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.


close დახურვა