logo
ENG



პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო ცვლილებას, რაც ოცნებას მის წინააღმდეგ დავის შესაძლებლობას მისცემს

28 აპრ 202214:56
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებას, რომელიც ქართულ ოცნებას მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყების შესაძლებლობას მისცემს, ვეტო არ დაადო.

ცვლილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის საფუძვლად ორგანოს "მოქმედება/უმოქმედობის" კონსტიტუციურობასაც ითვალისწინებს, საკანონმდებლო მაცნეში 27 აპრილის თარიღით უკვე აისახა. აღსანიშნავია, რომ ამ კანონში ბოლო ცვლილება 2018 წელს შევიდა. 

ამ კანონპროექტის მიღებით ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას შეძლებს.

კანონპროექტი მმართველმა გუნდმა მას შემდეგ მოამზადა, პრეზიდენტმა პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა, რომ პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე ხელისუფლებისგან უარი მიიღო და პირადი კონტაქტები გამოეყენებით გამართა შეხვედრები. 

ქართული ოცნების წევრებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებების არაკონსტიტუციური იყო და სარჩელის შეტანამდე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტზე დაიწყეს საუბარი.

ცვლილებამდე კანონმდებლობის თანახმად, ერთ სახელმწიფო ორგანოს მეორეს მიმართ დავის წამოწყება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოთა ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ შეეძლო.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 26-ე მუხლში დარეგისტრირებული ცვლილებების მიხედვით კი სარჩელის შეტანის სამართლებრივ საფუძველი ითვალისწინებს ორგანოს მოქმედება/უმოქმედობის შესაბამისობას კონსტიტუციასთან.

ორგანული კანონის მე-19 მუხლის მიხედვით კი, სარჩელის შეტანის უფლება აქვს როგორც პრეზიდენტს ასევე პარლამენტს, მთავრობას იუსტიციის საბჭოს, პროკურატურას და სხვა სახელმწიფო ორგანოებს, იმ შემთხვევისთვის „თუ ის მიიჩნევს, რომ რომელიმე მათგანის სამართლებრივი აქტით, მოქმედებით ან უმოქმედობით სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფილ იქნა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება“.

კანონპროექტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებაზე ზურაბიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. 

ირაკლი კობახიძემ კი დღეს განაცხადა, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც პრეზიდენტი აღნიშნულ კანონპროექტს ხელს მოაწერდა.

***

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს თქვა, რომ 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე. 

ზურაბიშვილის თქმით, იძულებული გახდა, პირადი კონტაქტები გამოეყენებინა. 

პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილმა სიმართლე თქვა ევროპაში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტთან დაკავშირებით, ე.ი მან კონსტიტუცია დაარღვია და "ამაში გაერკვევიან". 

15 მარტს კი საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს. განცხადებაში ხელისუფლებამ პრეზიდენტი "კონსტიტუციის დარღვევისთვის" გააკრიტიკა. 

"საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება.

ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია", - განაცხადა ქართულმა ოცნებამ


close დახურვა