logo
ENG



პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და 1 წევრის პოსტზე კანდიდატურები წარუდგინა

05 აგვ 202220:02
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა არ დაასახელა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. 

რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები.

აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 5 აგვისტოს განკარგულებით ცხადდება ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია.

ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

***

30 ივლისს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით წარუდგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები.

 

 


close დახურვა