logo
ENG



პრეზიდენტმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15 ივლ 202419:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/15/56a3swgl3mrb4af.jpg

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რუსული კანონის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში, სარჩელი შეიტანა.

პრეზიდენტი სარჩელში მიუთითებს, რომ ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაარღვია, რადგან რეპრესიული კანონი ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. პრეზიდენტი მოითხოვს, რომ სარჩელის განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედება შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს. 

"ე.წ. რუსული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით, ასევე, გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას", - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. 

პრეზიდენტის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ დეპუტატები და 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაც.

პლატფორმა ერთიანობის ლიდერის თამარ კორძაიას ინფორმაციით, დეპუტატები სარჩელს თვის ბოლოს შეიტანენ. მისი თქმით, კანონი კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს არღვევს.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, ისინი სარჩელში მიუთითებენ რუსული კანონის შედეგად კონსტიტუციის დარღვევის არაერთ მუხლზე - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, გაერთიანების უფლებაზე, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე.

ამასთან, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ 2 სარჩელთან დაკავშირებით ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი ჩართული იქნება განხილვის პროცესში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით.

სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ, ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით დააფიქსიროს პოზიცია.

 


close დახურვა