"ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის, გამოძიებასთან თანამშრომლობა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე",- ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ჟურნალისტების კითხვას.
კერძოდ მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ "რით დაამტკიცებს, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები მას არ ეკუთვნის".
"დაგიმტკიცებთ... უყურებთ "არტარეას"?! უყურეთ "არტარეას" და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა "არტარეას". ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ?! ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რა იყო - ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის, გამოძიებასთან თანამშრომლობა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე, როგორც სხვებმაც უნდა შეასრულონ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, გუშინ, 21 აგვისტოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.
წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ექსპერტიზისთვის წერილის გადაცემამდე, მამუკა ხაზარაძემ წერილის დედანი საკვლევად ბრიტანულ კერძო კომპანიას გადაუგზავნა. პროკურატურა იუწყება, რომ ბრიტანული კომპანიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები ერთმანეთს დაემთხვა.
საქმე ეხება 2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ წერილს, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელმა შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.
ხაზარაძის მიერ გავრცელებულ წერილში, მისი მტკიცებით, გიორგი გახარია მას ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია იმედის ტრენდზე გადაყვანას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ემუქრებოდა.