logo
ENG



პრემიერის მტკიცებით, მოძალადეებისა და პრაიდის უკან სააკაშვილია, რომელიც მართავს სირცხვილიას

12 ივლ 202111:54
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ "რევანშისტული ძალა" დგას, როგორც პრაიდის, ისე მოძალადეების უკან. მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა სააკაშვილს დააბრალა "მასშტაბური პროვოკაციის" მოწყობა და თქვა რომ ის მართავს მოძრაობა "სირცხვილიას", რომელიც პრაიდის თანაორგანიზატორია.

"5 ივლისს ვთქვი, რომ იგეგმებოდა მასშტაბური პროვოკაცია. მე კონკრეტული სახელი და გვარი ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული, რადიკალური შეთქმულების უკან დგას. ესაა ბატონი [მიხეილ] სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი.

კითხვები დაისვა, რა კავშირი გქონდა ლგბტ თემსა და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას სააკაშვილთან მაშინ, როცა განვმარტე, რომ ამის თანაორგანიზატორი იყო "სირცხვილია", რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის მიერ. ესაა დადასტურებული ფაქტი", - თქვა მან და რუსთაველის გამზირზე ლგბტ თემის უფლებების დაცვისთვის დაგეგმილ ღირსების მარშს "აღლუმი" უწოდა. 

მანვე განავითარა კიდევ ერთი ვერსია, რომ ძალადობრივი ფაქტები "ერთი ადამიანისა და რევანშისტული ძალის ინტერესებშია". 

"ეს ძალადობრივი ფატები არ იყო, არც მთავრობის და არც ეკლესიის ინტერესებში. ეს იყო ერთი ადამიანის ერთი პოლიტიკური, რევანშისტული ძალის ინტერესებში. შეიძლება ითქვას, რომ იყო რუსეთის ინტერესშიც, რომ მოხდეს ეროვნული განხეთქილების შემოტანა", - თქვა მან.

5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია.

5 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედიამუშაკს, მათ შორის ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან. სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც. 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო". 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. 

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის.  თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 

იმავე დღეს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა, არა ყველა მათგანი. 


close დახურვა