პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალ მინისტრად თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. იგი ამ პოსტზე ეკატერინე ტიკარაძეს ჩაანაცვლებს. ახალი მინისტრის წარსადგენად ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
"ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი. იგი გაზრდილია ექიმის ოჯახში. მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის. მე მინდა, ზურას ვუსურვო წარმატება. იგი არის 5 შვილის მამა და მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი", - თქვა ღარიბაშვილმა ახალი მინისტრის წარდგენისას.
ზურაბ აზარაშვილი 2021 წლის თებერვლიდან დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, იგი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტას გენერალური დირექტორი იყო.
ზურაბ აზარაშვილი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ტერაბანკში, კორ სტანდარტ ბანკში, ქართუ ბანკსა და თიბისი ბანკში. მას განათლება მიღებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში.
ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 9 დეკემბერს, ქართული ოცნების ოფისში, ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
ტიკარაძე უწყებას 2019 წლის 18 ივნისიდან ხელმძღვანელობდა.