რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, უკრაინის ჯარი ბახმუტში კონტრშეტევას ახორციელებს და "ბახმუტის ფლანგებზე სიტუაცია ნავარაუდევთაგან ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება".
პრიგოჟინის თქმით, რუსი სამხედროები დღეს, "თითქმის უბრძოლველად" თმობენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც ვაგნერის ჯარისკაცებმა ბახმუტში დაიკავეს.
"ფლანგებზე სიტუაცია ნავარაუდევთაგან ყველაზე უარესი სცენარით ვითარდება. იმ ტერიტორიებს, რომლებსაც საკუთარი სისხლით და სიცოცხლით იცავდნენ ჩვენი მებრძოლი ამხანაგები და ბევრი თვის განმავლობაში ყოველ დღე ათობით და ასობით მეტრს იკავებდნენ, დღეს პრაქტიკულად, ბრძოლის გარეშე თმობენ ისინი, ვინც უნდა ამაგრებდნენ ჩვენს ფლანგებს“ - განაცხადა ევგენი პრიგოჟინმა.
პრიგოჟინმა ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკის სიტყვები, რომ რეგიონში კონტრშეტევის დაწყება გადაიდო, სიცრუეა.
„ზელენსკი იტყუება, მისი კონტრშეტევები გაჩაღებულია. ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის ჯარის დანაყოფები შედიან ფლანგებზე და, სამწუხაროდ, ზოგ ადგილას წარმატებას აღწევენ“ - განაცხადა პრიგოჟინმა.
10 მაისს კი ვაგნერის მფლობელმა განაცხადა, რომ პერსონალის სიმცირის გამო ვაგნერი იძულებული გახდა ბახმუტში პოზიციები რუსეთის ჯარისთვის დაეთმო.
მისი თქმით, არსებობს საფრთხე რომ უკრაინა ვაგნერის დანაყოფებს ალყაში მოაქცევს.
"პერსონალის შემცირების გამო ვაგნერი იძულებული იყო, ფლანგები ჯარისთვის გადაეცა. ამ ფლანგებზე დამარცხების შედეგად არის ვაგნერისთვის ალყის შემორტყმის სერიოზული რისკები. ფლანგები უკვე ირღვევა და ეცემა. იარაღის სიმცირის გამო "ხორცსაკეპი" საპირისპირო მიმართულებით იმუშავებს: უკრაინის შეიარაღებული ძალები გაანადგურებენ ვაგნერს" - განაცხადა ვაგნერის მფლობელმა.
9 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ უკრაინა ბახმუტის მიმართულებით ფლანგებს არღვევს და "მალე კონტრშეტევაზე გადავა".
10 მაისს უკრაინის სამხედრო მეთაურის ანდრეი ბილეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან წარმატებული კონტრშეტევის შედეგად დიდი რაოდენობით რუსი მებრძოლი გაანადგურეს.
უკრაინის მესამე თავდასხმის ბრიგადის მეთაურის თქმით, მათ ბახმუტის სიახლოვეს რუსეთის 72-ე ბრიგადის დანაყოფები დაამარცხეს. მეთაური მოკლული რუსი სამხედროების რიცხვს არ ასახელებს.
ბილეცკის თქმით, "რუსეთის მე-6 და მე-8 დანაყოფები სრულად განადგურდა", ასევე განადგურებულია დიდი რაოდენობით ჯავშანტრანსპორტი.
მისი ცნობით, "ვაგნერის მე-3 შეტევის დანაყოფს ასევე დიდი დანაკარგები აქვს" და ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროების დიდი ნაწილი.
29 აპრილს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ ვაგნერის სამხედროებისთვის ტყვია-წამლის დეფიციტის პრობლემა არ გადაიჭრებოდა, მისი დანაყოფები იძულებულები იქნებოდნენ, გამოსულიყვნენ უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან.
მოგვიანებით, 2 მაისს, პრიგოჟინმა თქვა: "თუ კომპანია ვაგნერი დაიღუპება, ეს არ მოხდება უკრაინის არმიის ან NATO-ს ხელით".
5 მაისს მან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი თქმით, გარდაცვლილი "ვაგნერელები" ჩანან.
გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავდა და რუსული ჯარის ხელმძღვანელობას [თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს] აგინებდა.
5 მაისს ღამით პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებდნენ. ის უკრაინის ქალაქის დატოვებას სამხედრო შეიარაღების უქონლობას უკავშირებდა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბოლო 1 თვის განმავლობაში დაქირავებულ მებრძოლებს საჭირო შეიარაღების მხოლოდ 10%-ს აწვდის.
6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზად იყო, 10 მაისიდან მის მებრძოლებს თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმის ახმატისთვის გადაეცათ.
7 მაისს კი ვაგნერის დამფუძნებელმა თქვა, რომ მიიღო საბრძოლო ინსტრუქციები და პირობა, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროსგან, რომ ვაგნერის სამხედროები მიიღებენ იმდენ ტყვია-წამალსა და იარაღს, რამდენიც დასჭირდებათ.