რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მიიღო საბრძოლო ინსტრუქციები და პირობა, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროსგან, რომ ვაგნერის სამხედროები მიიღებენ იმდენ ტყვია-წამალსა და იარაღს, რამდენიც დასჭირდებათ.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრიგოჟინი ამბობს, რომ მათ მიიღეს დაპირება, რომ ბახმუტში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას შეძლებენ და რომ უკრაინაში რუსეთის ძალების ყოფილი მეთაური, სერგეი სუროვიკინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიიღებს გადაწყვეტილებებს ვაგნერის ოპერაციების შესახებ.
"გვპირდებიან, რომ მოგვცემენ ტყვია-წამალს და იარაღს, იმდენს რამდენიც გვჭირდება, რომ გავაგრძელოთ ოპერაციები.
გვეფიცებიან, რომ ყველაფერს მოგვცემენ, რაც გვჭირდება, რათა მტერმა არ დაგვამარცხოს
გვეუბნებიან, რომ შევძლებთ ბახმუტში მოქმედებას ისე, როგორც გვსურს.
და მოგვცემენ [სერგეი] სუროვიკინს, როგორც იმ ადამიანს, ვინც მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას ვაგნერის ჯგუფის საბრძოლო მოქმედების ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით" - განაცხადა პრიგოჟინმა.
29 აპრილს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ ვაგნერის სამხედროებისთვის ტყვია-წამლის დეფიციტის პრობლემა არ გადაიჭრებოდა, მისი დანაყოფები იძულებულები იქნებოდნენ, გამოსულიყვნენ უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან.
მოგვიანებით, 2 მაისს, პრიგოჟინმა თქვა: "თუ კომპანია ვაგნერი დაიღუპება, ეს არ მოხდება უკრაინის არმიის ან NATO-ს ხელით".
5 მაისს მან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი თქმით, გარდაცვილი "ვაგნერელები" ჩანან.
გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავდა და რუსული ჯარის ხელმძღვანელობას [თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს] აგინებდა.
5 მაისს ღამით პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებდნენ. ის უკრაინის ქალაქის დატოვებას სამხედრო შეიარაღების უქონლობას უკავშირებდა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბოლო 1 თვის განმავლობაში დაქირავებულ მებრძოლებს საჭირო შეიარაღების მხოლოდ 10%-ს აწვდის.
6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზად იყო, 10 მაისიდან მის მებრძოლებს თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმის ახმატისთვის გადაეცათ.