კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, უკრაინა ბახმუტის მიმართულებით ფლანგებს არღვევს და "მალე კონტრშეტევაზე გადავა"
"დღეს უკრაინა ფლანგს არღვევს ბახმუტის მიმართულებით ... და ცოტახანში კონტრშეტევას დაიწყებენ. ისინი ამბობენ რომ კონტრშეტევა იქნება მიწაზე და არა ტელევიზორში. ჯერ-ჯერობით ჩვენს ქვეყანაში ყველა ფიქრობს, რომ ყველაფერი ტელევიზორში უნდა გააკეთონ. და აღნიშნონ გამარჯვების დღე. გამარჯვების დღე ჩვენი ბაბუების გამარჯვებაა, ჩვენ მილიმეტრითაც არ დაგვიმსახურებია ეს გამარჯვება."- განაცხადა პრიგოჟინმა.
პრიგოჟინი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ საბრძოლო განკარგულებაში წერია, რომ ფრონტის პოზიციების დატოვების შემთხვევაში, "ეს სამშობლოს ღალატად ჩაითვლება." მისი თქმით, თუ "ვაგნერს " საბრძოლო შეიარაღებას არ მიაწოდებენ, ის მაინც დატოვებს ფრონტის პოზიციებს.
"გუშინ მოვიდა სამხედრო განკარგულება, რომელშიც გასაგებად ეწერა პირველი, მთავარი, რომ [ფრონტის] პოზიციის დატოვების შემთხვევაში, ეს იქნება სამშობლოს ღალატი. თუ არ იქნება საბრძოლო შეიარაღება, ჩვენ დავტოვებთ პოზიციებს და დავსვამთ კითხვას, ვინ ღალატობს სამშობლოს? ალბათ ის ვინც ამას ხელს აწერდა. მეორე, ეწერა რომ ვალდებულები არიან მოამარაგონ "ვაგნერი" აბსოლუტურად ყველაფრით. ალბათ ეს მან ემოციურად განაცხადა თავის საბრძოლო განკარგულებაში, ადამიანმა, რომელიც ამას ხელს აწერდა, რადგან შეეშინდა, რომ ჩვენ დავტოვებთ პოზიციებს და მას როსტოვში ჩააკითხავდნენ და უკრაინელები მასთან როსტოვში მივლენ თუ ფრონტი ჩამოიშლება. დღეს აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება, რომ ფრონტი ჩამოიშალოს. ამიტომაც დღეს თავდაცვის სამინისტროს ერთი ქვედანაყოფი გაიქცა ჩვენი ერთ-ერთი ფლანგიდან. მიაგდეს პოზიციები, ყველა გაიქცა... "- ამბობს ევგენი პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში.
29 აპრილს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ ვაგნერის სამხედროებისთვის ტყვია-წამლის დეფიციტის პრობლემა არ გადაიჭრებოდა, მისი დანაყოფები იძულებულები იქნებოდნენ, გამოსულიყვნენ უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან.
მოგვიანებით, 2 მაისს, პრიგოჟინმა თქვა: "თუ კომპანია ვაგნერი დაიღუპება, ეს არ მოხდება უკრაინის არმიის ან NATO-ს ხელით".
5 მაისს მან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი თქმით, გარდაცვილი "ვაგნერელები" ჩანან.
გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავდა და რუსული ჯარის ხელმძღვანელობას [თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს] აგინებდა.
5 მაისს ღამით პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებდნენ. ის უკრაინის ქალაქის დატოვებას სამხედრო შეიარაღების უქონლობას უკავშირებდა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბოლო 1 თვის განმავლობაში დაქირავებულ მებრძოლებს საჭირო შეიარაღების მხოლოდ 10%-ს აწვდის.
6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზად იყო, 10 მაისიდან მის მებრძოლებს თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმის ახმატისთვის გადაეცათ.