ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას პროკურატურამ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურაში ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში ბაბუამ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილიშვილს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
"დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა", - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით“ (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის გ და დ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი.
სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.
თურქეთიდან დაბრუნებულმა მოზარდის დედამ ფორმულასთან შვილის თვითმკვლელობის გარშემო არსებულ მძიმე გარემოებებზე ისაუბრა.
გარდაცვლილის დედის თქმით, საქმეზე დაკავებული პირის მხრიდან მის შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის მოზარდს უკიდურესად შევიწროვებულ და ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა. მისივე მონათხრობით, ნათესავებმა გოგოს "უმოწყალოდ სცემეს".
მისი თქმით, 14 წლის ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მუშაკიც, რომელმაც მძიმე ემოციური და ფიზიკური გარემოებების მიუხედავად, მოზარდისთვის ფსიქოლოგის მეთვალყურეობა არ უზრუნველყო.
დაკავებული კაცის დედა კი ამბობს, რომ ბავშვზე ბაბუა ძალადობდა, ხოლო მის შვილს "თითი არ დაუკარებია".
ბრალდებულს აღნიშნულ საქმეზე წინასწარი პატიმრობა 13 თებერვალს შეეფარდა.