პროკურატურის განცხადებით, 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მათი თქმით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე, 21 მარტს კომპლექსური, მათ შორის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა და გამოსაკვლევად ანა იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალები გადაიგზავნა.
მათივე ინფორმაციით, ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანა იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები. ფუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია.
დღეს, 5 ივლისს ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე ოჯახმა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მიმართა, რომ აღებული ნიმუშების დაზიანებაზე გამოძიება დაიწყოს.
როგორც გარდაცვლილის დედა ნატო ხუტაშვილი ამბობს, სამედიცინო ექსპერტიზის დროს, გარდაცვლილის სხეულიდან აღებული დნმ-ანაწმენდების პაკეტები დალუქული არ იყო, რამაც ნიმუშების დაობება გამოიწვია.