საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ კარტოგრაფების საქმეზე გამოძიება დაასრულა.
დღეს, 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე უწყებამ გაასაჯაროვა ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც, მათივე ინფორმაციით, დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული.
როგორც ირკვევა, პროკურტურა იველი მელაშვილს დაკავებამდე საკუთარ სამუშაო ოთახში აყურადებდა. უწყების ინფორმაციით, ჩანაწერი 2020 წლის 28 სექტემბრით თარიღდება.
პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ ხსენებული საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამოდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს:
"ფარულ ჩანაწერში ბრალდებული ი.მ. ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას, დავით გარეჯის მიმდებარედ, ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე.
ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგი იყო დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული, თუმცა მიუხედავად ამისა, ი.მ. ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
... ბრალდებულის საუბრით ასევე დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ, ი.მ. საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები, მუშაობის პროცესში მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას. ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია", - განაცხადა პროკურორმა.
პროკურატურის განცხადება სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
დაკავებული კარტოგრაფის ადვოკატები საკუთარ მოსაზრებებს მასალის სათანადოდ გაცნობის შემდეგ გაასაჯაროებენ. საქმეში ახალი მტკიცებულებების არსებობის შესახებ მათ მხოლოდ გასულ დღეებში შეიტყვეს. ამ დრომდე დაცვის მხარე ამბობდა, რომ არ იცოდა, რა ჩანაწერებზე იყო საუბარი. ისინი სახელმწიფოს აკრიტიკებდნენ საქმისთვის მტკიცებულებების დაგვიანებით დართვისთვის. პასუხად პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიებას შეიძლება ქონდეს "საიდუმლოდ შენახვის ინტერესი".
აღსანიშნავია ისიც, რომ კარტოგრაფებს ბრალი გუშინ, 20 იანვარს დაუზუსტეს - ბრალდებას ჩაემატა, რომ ისინი "სხვების დავალებით" მოქმედებდნენ.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიება სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა".
იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ.