საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის გაცემის თაობაზე პარლამენტს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ 2020 წლის 1 ნოემბერს ნიკანორ მელიამ საჯაროდ გამოსვლისას, დემონსტრაციულად დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, რამაც წარმოშვა პროკურორის ვალდებულება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მოთხოვნილ იქნა უკვე გამოყენებული გირაოს ოდენობის გაზრდა.
"მიუხედავად ამისა, უფრო მკაცრმა აღკვეთის ღონისძიებამ, რომლის მიზანი იყო ბრალდებულს დაეცვა საქართველოს კანონმდებლობის და სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები - ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. ამ ვითარებაში, გირაოს შემდგომი გამოყენება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ სასამართლოსათვის გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რადგან მელიამ ერთხელ უკვე უარი თქვა გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდაზე.
"ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, არის პატიმრობა.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პარლამენტს მიმართა გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის თაობაზე", - აცხადებენ პროკურატურაში.
პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, პროკურატურა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. მელია აცხადებდა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა.
ამასთან, დღეს, 12 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ პროკურატურა პარლამენტს დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს, საკანომდებლო ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს - მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.