logo
ENG



პროკურატურა ცდილობს არ გავიდეს ბოლოში საკუთარი მოწმეების დაკითხვაზე - რურუას ადვოკატი

08 ივნ 202012:29
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა და სხდომაზე წერილობითსა და ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. 

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილებით პროკურატურა ცდილობს მოწმეების დაკითხვის პროცესი გააჭიანუროს და ამით რურუას პატიმრობაში დარჩენას შეუწყოს ხელი.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არც ერთხელ არ დააკმაყოფილა. 

"მოულოდნელად გუშინ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ნაცვლად მოწმეების დაკითხვისა მოხდება წერილობითი და ნივთმტკიცებულებების გამოკვლევა. მიზეზად დასახელდა, რომ თითქოს ვერ მოახერხეს მოწმეებმა გამოცხადება სასამართლოზე. ეს ჩემთვის დამაჯერებელი არგუმენტი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ შსს-ს თანამშრომლები უნდა დაკითხულიყვნენ დღევანდელ სასამართლოზე. ვფიქრობ, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, იმ ეჭვისთვის, რომ პროკურატურა ცდილობს არ გავიდეს ბოლოში საკუთარი მოწმეების დაკითხვაზე, რადგან ერთ-ერთი ფორმალური მიზეზი, რის გამოც რურუა იმყოფება პატიმრობაში, მან შეიძლება ვინმეზე ზემოქმედება მოახდინოს. მოწმეების დაკითხვის შემდეგ კი, ჩვენ დავაყენებდით აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობას, პროკურატურა პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს", - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას მხარეებს შორის დადებული 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს.

გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.


 


close დახურვა