logo
ENG



პროკურატურამ გალიფ ოზთურქს ბრალი ნარკოდანაშაულზე წარუდგინა

02 ივნ 202211:14
3 წუთის საკითხავი
 

თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვაზე წარუდგინა.

საუბარია  7,2159 გრამ კოკაინზე, რომელიც, უწყების მტკიცებით, ბათუმში მისი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს.

პროკურატურის თქმით, ჩხრეკა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ოზთურქს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა.

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 31 მაისს ბათუმში დააკავეს. 

ოზთურქი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, ხშირად ჩნდებოდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე ყოფილ პრემიერებთან გიორგი გახარიასთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.

2018 წელს, თურქული მედიის ცნობით, ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ოზთურქი სწორედ პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გამოიქცა.

თურქი ბიზნესმენის კომპანიები ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივია ბათუმში მდებარე სასტუმრო "ეიფორია". 

2020 წლის მონაცემებით, გალიფ ოზთურქმა საქართველოში $500 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.


close დახურვა