logo
ENG



პროკურატურამ ტრეფიკინგის საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

22 მაი 202312:15
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს. უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ტაილანდის რესპუბლიკაში განთავსებული ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში, მასაჟისტის პოზიციაზე დაასაქმებს დაჰპირდა.

მათი თქმით, დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ჩაიყვანა ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

"ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა", - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ედავეიბან, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა