პროკურატურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალი უცხოეთის 5 მოქალაქეს წარუდგინეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა თანხის წარმომავლობის წყაროს დაფარვის და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თანხები საქართველოს კომერციულ ბანკებში, მათივე სახელზე გახსნილ ანგარიშებზე განათავსეს.
"აღნიშნულის შემდეგ საბანკო ანგარიშებზე მობილიზებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილი საზღვარგარეთ პირად საბანკო და მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე გადარიცხეს, ხოლო თანხის ნაწილით შეიძინეს კრიპტოვალუტა და საქართველოში მდებარე ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები.
აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა განახორციელეს დაახლოებით 15 000 000 აშშ დოლარამდე დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა.
გამოძიების დაწყებისთანავე, ყადაღა დაედო ბრალდებულების საბანკო ანგარიშებზე დარჩენილ თანხებს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა", - წერს უწყება.
პროკურატურის განცხადებით, მათ ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე წარედგინათ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდება 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.