logo
ENG



პროკურატურამ ყოფილი თანამშრომლის საჯარო განცხადებაზე მოკვლევა დაიწყო

23 ოქტ 201916:38
3 წუთის საკითხავი
 
f0dasfibu64gww5.jpg

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მათი ყოფილი თანამშრომლის საჯარო განცხადებაზე სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო. საუბარია აწ უკვე ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის პოსტზე, სადაც ის სისტემაში ნეპოტიზმსა და სექსუალურ შევიწროვებაზე საუბრობს. 

„გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“ - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის თანამშრომლის განცხადებას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. პრემიერი ამბობს, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და გადაწყვეტილებაც თავად უნდა მიიღოს.

„ყველა შემთხვევა ნეპოტიზმის, სექსუალური შევიწროების, სადაც კანონს ვარღვევთ, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული. პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, დაველოდები პროკურატურის რეაგირებას ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს თუ სიმართლეა, ეს არის მიუღებელი. თუმცა, პროკურატურა არის დმაოუკიდებელი უწყება, რომლემაც უნდა გააკეთოს განმარტება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პროკურატურის თანამშრომლის საჯარო პოსტი არასამთავრობო სექტორის შეშფოთების საფუძველიც გახდა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ განცხადება საგანგაშოა, პროკურატურის სისტემა კი რეფორმას საჭიროებს. 

„მიმაჩნია, რომ მთავარმა პროკურორმა უნდა მიაქციოს ამას ყურადღება, მთელი რიგი პრაქტიკები არის შესაცვლელი იმისთვის, რომ ის პრობლემები აღმოიფხვრას, რაზეც საუბრობს სალომე,“ - ამბობს ბაია პატარაია.

პოსტს გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც, ანა დოლიძე. მისი თქმით, ყოფილმა პროკურორმა სისტემა ამხილა.

ყოფილი პროკურორის საჯარო ბრალდებებს დღეს პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ბრალდება არ დადასტურდება და ამას სისტემური ხასიათი არ აქვს.

„საკმაოდ ხატოვნად ჰქონდა აღწერილი ამ ქალს ის პრობლემები, რასაც აწყდება უწყებაში. მე დავინტერესდი და აუცილებლად გამოვითხოვ ინფორმაციას მასთან დაკავშირებით. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება და იმედი მაქვს, რომ ამას სისტემური ხასიათი არ აქვს“ - აცხადებს  „ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი. 

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ესაა მოშლილი სისტემის შედეგი, რომელიც სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს. 

„ეს საკითხი უნდა გახდეს გამოძიების საგანი. ეს არის სისტემები, რომლებიც რეფორმირება შეუძლებელია. ის უნდა დაიშალოს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და აიწყოს თავიდან,“ - ამბობს რომან გოცირიძე. 

შეგახსენებთ, რომ სალომე ადეიშვილმა პროკურატურაში ნეპოტიზმსა და სექსუალურ შევიწროებაზე საკუთარ პოსტში ისაუბრა. 


close დახურვა