პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ერთ-ერთ მორაგბეს, არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა.
საგამოძიებო უწყების არგუმენტით, მისმა ამჟამინდელმა ადვოკატებმა გაუთქმელობას ხელი არ მოაწერეს, რის გამოც მათ საქმის ახალი მასალები არ გადაეცათ. პროკურატურის თქმით, გაგნიძეს ადვოკატი იმიტომ დაუნიშნეს, რომ დაცვის გარეშე არ დარჩენილიყო. ბრალდებულის ინტერესთა დამცველს საქმის მასალები უკვე გადასცეს და მან გაუთქმელობას ხელი მოაწერა.
გაგნიძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას უღირსს უწოდებს და ამბობს, რომ არ აპირებს, საქმეს ჩამოშორდეს.
"ურჩი ადვოკატები ასე დაგვსაჯეს - მათი გადმოსახედიდან საქმეს ჩამოგვაცილეს, თუმცა ეს ასე არ იქნება, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის დაცვას მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე არ დადგება ჭეშმარიტება, რომ ჩვენს დაცვის ქვეს მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია და ფიზიკურადაც ვერ ჩაიდენდა. უღირსი საქციელია, რაც პროკურატურამ ჩაიდინა, მაგრამ სასამართლო იმავეს ვერ გააკეთებს და საქმეს ვერ ჩამოგვაცილებს", - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ბრალდებული ორი პირის ადვოკატებმა გაუთქმელობას ხელი პროტესტის ნიშნად არ მოაწერეს და საგამოძიებო უწყებიდან საქმის მასალები არ წაიღეს.