პროკურატურამ თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრის საქმეზე დავით და გუგა კაკულიებს ბრალი წარუდგინა.
გამოძიება მათ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავება.
პროკურატურის ცნობით, შსს-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით და მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 27 მაისს, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.
ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ ასევე საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ერთ-ერთმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში.
დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს მიმართავს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ძმები კაკულიები რამდენიმე გახმაურებულ კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებენ. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მათ დაუკვეთეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა. ეს ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა, მოკლული კვარაცხელიას ოჯახს სჯერა, რომ დამნაშავეები სწორედ დათა და გუგა კაკულიები არიან.