პროკურატურასთან დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის და კომისიის წევრის, ნატალია ილიჩევას დაკავებას აპროტესტებენ.
მთავარი საგამოძიებო უწყების შენობასთან ევროპული საქართველოს, ენმ-ის წევრი, სალომე სამადაშვილი და აქტივისტები არიან მისულები.
მათი თქმით, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩევას მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია, ამასთან, იკვეთება რუსული ინტერესები.
"მოქალაქეობრივი საკითხია, რომ არ მივცეთ ხელისუფლებებს უფლება, დაჩაგრონ მოქალაქეები,
მეორე, ეს არის საშიში ფაზა წინასაარჩევნოდ, როცა ხელისუფლება პირდაპირ გადადის ძალიან ღიად ბინძურ თამაშებზე და იკვეთება კონკრეტულად რუსეთის ინტერესი, მათ შორის, ირმა ინაშვილის მხრიდან, რომელიც კონკრეტულ განცხადებებს აკეთებდა ამ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით და იღებდა დავალებებს რუსეთიდან, რომელიც არ გამოიძია ამ პროკურატურამ". - თქვა ელენე ხოშტარიამ.
"ჩვენ ხელისუფლება ყველაფერს რუსული სცენარით აკეთებს. ერთი იმიტომ, რომ მათ პირდაპირი დირექტივები აქვთ და მეორე, მათ მხოლოდ ასეთი გზა აქვთ ნასწავლი. ის, რაც ხდება, არის ანტისახელმწიფოებრივი სცენარი. ეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი".- თქვა ენმ-ის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
პროკურატურამ დღეს, 7 ოქტომბერს, დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით დააკავეს და ბრალი წარუდგინეს.
უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". პროკურატურის მტკიცებით, მელააშვილი და ილიჩოვა საზღვრის დადგენის პროცესში არ იყენებდნენ სათანადო რუკებს. დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ და მათ მიმართ გამოძიებას პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.
გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.
ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინა და დაკავებამდე ისინი საჯაროდ ვერ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რას ეკითხებოდა მათ გამოძიება.
მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქმის გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა (2020 წლის 29 სექტემბერს), კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ და კომისიის მუშაობას "მოღალატეობრივი" უწოდა.