logo
ENG



პროკურორი: ჯერჯერობით მიხეილ რამიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს არ განვიხილავთ

23 სექ 202015:01
3 წუთის საკითხავი
clock 1060
zpz95q5w92wz4a1.png

პროკურორი დავით გურგენიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გამოძიება სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით რომელიმე კონკრეტული პირის, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს არ განიხილავს.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს და სამართლებრივი გადაწყვეტილება მხოლოდ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

"არ მინდა შევაფასო ისე, რომ გარკვეულწილად ცდილობენ, პასუხისმგებლობას გაექცნენ, გამომდინარე იქედან, რომ ჯერჯერობით ამ საქმეში პასუხისმგებლობის საკითხს, თუნდაც მიხეილ რამიშვილის, არ განვიხილავთ. ვატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას საქმესთან მიმართებაში მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ნაწილში და განვმარტავთ, იმ შემთხვევაში თუ დადგინდა რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ჩვენ ნებისმიერი პირის მიმართ მივიღებთ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას", - განაცხადა პროკურორმა.

გურგენიძემ ასევე ამბობს, რომ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატია, ამიტომ მის მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილი მასალები მტკიცებულებად შეიძლება იქნეს განხილული და არა საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციად.

"მიხეილ რამიშვილმა წარმოგვიდგინა ფოტოსურათები, მოითხოვა ამ ფოტოსურათების საქმეზე დართვა, როგორც მტკიცებულებისა. რამიშვილი ამ საქმეზე გახლავთ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი და სხვა მოცემულობას ვერ მივიღებთ. ის არ გახლავთ ჟურნალისტი, როგორც ადვოკატმა, მოიტანა ჩვენთან ფოტოსურათები და მოითხოვა, მიგვეღო მოცემულობად. ითხოვდა, შეგვესწავლა გარემოება გამომდინარე იქედან, რომ ამ ორი ფოტოსურათით დასტურდებოდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 2020 წლის 19 ივლისს მაწევანის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სხვა რა განმარტებას აკეთებს დამცველი ადვოკატი, ამაზე ინფორმირებული არ ვართ", - განაცხადა დავით გურგენიძემ.

18 სექტემბერს, პროკურატურამ განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტების ფოტოები, რომლის მიხედვითაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 19 ივლისს მაწევანის ტერიტორიაზე არ იდგა, დამონტაჟებული და ყალბია. ამ დასკვნის საფუძველზე, უწყებაში თქვეს, რომ გამოძიების შეცდომაში შეყვანისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს 21 სექტემბერს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. საქმის პროკურორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რომ რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რადგან მასში დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არსებობს.

რამიშვილმა მომხდარი მის პირად და პროფესიულ სივრცეში შეჭრად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ ექსპერტიზა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან დაკავშირებულ მიმოწერას ნახავდა, თუმცა მობილურში სხვა ინფორმაციის კლონირებაც მოახდინეს.

მიხეილ რამიშვილი დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. პროკურატურას მასთან კითხვები სატელიტით გადაღებულ ფოტოებთან დაკავშირებით აქვს. ადვოკატი ფიქრობს, რომ საგამოძიებო უწყება მისი ბაჩალიაშვილის საქმიდან ჩამოცილებას ცდილობს. რამიშვილი იმასაც ვარაუდობს, რომ დავით ფურცხვანიძეზე პროკურატურამ შესაძლოა იძალადოს და ათქმევინოს, რომ სატელიტით გადაღებული ფოტოები ადვოკატმა ფურცხვანიძისგან თავად მოითხოვა.


close დახურვა